უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას სამართალდამცავები რამდენიმე წუთში დაკითხავენ.
როგორც „ნიუსპრესს“ დაკითხვამდე ცაგურიამ განუცხადა, პოლიციას მან თვითონ მიმართა
და მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ აცნობა.
მისი თქმით, შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე, კოჯორი-ბეთანია-წყნეთის გადასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ის აგარაკზე მიდიოდა. ცაგურია აცხადებს, რომ აგარაკზე მიმავალს გზის სავალ ნაწილზე გაჩერებული ჯიპი „X5“ დახვდა, რომელშიც 5 ადამიანი იჯდა.
„მანქანა გავაჩერე და ვკითხე, დახმარება ხომ არ სჭირდებოდათ. ერთ-ერთმა დანარჩენებს ანიშნა, „ეგ არისო“ და ჩემსკენ წამოვიდნენ. მანქანაში შემომიხტნენ და გასაღების წართმევა სცადეს, თუმცა, მე მანქანის ძრავა ჩართული მქონდა და იქიდან გამოღწევა შევძელი“-აღნიშნა ცაგურიამ.
მისივე თქმით, შემთხვევის შესახებ მან პოლიციას აცნობა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და ის დაკითხვაზე დაიბარეს.
უფლებადამცველი ამ თავდასხმას ტყვიის სროლის ფედერაციის პრეზიდენტის გია უდესიანის სახლთან მის მიერ მოწყობილ აქციას უკავშირებს.
„უდესიანი ჯალათია და სწორედ მის სახლთან გავმართეთ აქცია. ის არის იარაღით მოვაჭრე. რევოლუციამდე ძალიან უჭირდა, დღეს კი, მისი ქონება ათობით მილიონს შეადგენს“ - განაცხადა მან.
ცაგურია უკვე პოლიციის შენობასთან იმყოფება.
