სააკაშვილი - გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სასტუმროს ფანჯრიდან სიმაღლიდან ხტომაში რეკორდი დაამყარა
სააკაშვილი - გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც სასტუმროს ფანჯრიდან სიმაღლიდან ხტომაში რეკორდი დაამყარა
10:43 15.08.2012
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მიერ ლონდონის ოლიმპიადაზე მიღწეული შედეგები საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიაში, სამშობლოში დაბრუნებულ ოლიმპიელებთან შეხვედრისას შეაფასა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ოლიმპიადა 2012“-ზე საქართველომ კარგი შედეგი მიიღო - ყავს ოლიმპიური ჩემპიონი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, თუმცა, მისი თქმით, გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც „სასტუმროს ფანჯრიდან სიმაღლიდან ხტომაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა“.

„ჯერჯერობით, ეს ოლიმპიური დისციპლინა არ არის. ჯერ მხოლოდ სიმაღლეში ხტომაა ოლიმპიური დისციპლინა და არა სიმაღლიდან ხტომა, მაგრამ ასეთი ხალხიც არსებობს“-აღნიშნა პრეზიდენტმა.

ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოდიოდა, სამშობლოში ოლიმპიადის დასრულებამდე დაბრუნდა და სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ზეწოლაში დაადანაშაულა.

როგორც 23 წლის სპორტსმენმა განაცხადა, კოალიცია „ქართული ოცნების“ მიმართ მისი სიმპატიების გამო, ვარძელაშვილმა და მისმა მეგობარმა გია უდესიანმა ლონდონში პრობლემები შეუქმნეს.

შუკვანის თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ უდესიანთან კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, იგი სასტუმროს ფანჯრიდან გადახტა და საქართველოში დაბრუნდა.

ბეჭდვა