საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოლიმპიური ნაკრების წევრებს ანაკლიაში იმ ახალგაზრდებთან ერთად შეხვდა, რომლებიც საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და ახალი ქალაქის ლაზიკას მშენებლობაზე ესაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, ლაზიკას იდეა საქართველოს ერთიანობის იდეაა და აღმშენებლობას ემსახურება.
„რამდენიმე დღეში იწყება ჩემი მთავარი ოცნების განხორციელება - ახალი, უმშვენიერესი ქალაქის ლაზიკას მშენებლობა, რომელიც იქნება ფოთის გაგრძელება, მთავარი ეკონომიკური ცენტრი გარშემო მყოფი ადგილებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ქალაქი გახდება ქართული სიამაყე და ანდამატივით მიიზიდავს ყველას, მათ შორის მათ, ვინც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს. ლაზიკას იდეა - ეს არის საქართველოს იდეა, საქართველოს ერთიანობისა და აღმშენებლობის იდეა და არა ომისა და ნგრევის“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
