საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" ოფისზე შემოვლებული ღობის საკითხზე იმსჯელებენ
საქალაქო სასამართლოში "ქართული ოცნების" ოფისზე შემოვლებული ღობის საკითხზე იმსჯელებენ
14:53 01.03.2012
"ქართული ოცნების" ოფისთან დაკავშირებით დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამზადებელი სხდომა ჩატარდება.
როგორც "ნიუსპრესს" "ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანია "ახალი კაპიტალის" ადვოკატმა ეკა ბესელიამ განუცხადა, დავა "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისისთვის შემოვლებულ ღობეს ეხება.
"ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისი კომპანია "ახალი კაპიტალის" მფლობელობაშია. კომპანია მოითხოვს, სასამართლოს წარმომადგენელმა პირადად დაათვალიეროს ოფისისთვის შემოვლებული ღობე და სათანადო დასკვნა გამოიტანოს.
ეკა ბესელიას თქმით, დღეს მოსამზადებელ სხდომაზე ეს მოთხოვნა განიხილება, შემდეგ კი - მთავარი სხდომა დაინიშნება.
ღობის მოხსნის მოთხოვნით, კომპანია "ახალმა კაპიტალმა" საქალაქო სასამართლოში სარჩელი დაახლოებით ერთი თვის წინ, თბილისის განვითარების ფონდის წინააღმდეგ შეიტანა. ფონდი თბილისის მერიის დავალებით სამშენებლო სამუშაოებს "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის ირგვლივ აწარმოებს. ბესელიას ინფორმაციით, შემოვლებული ღობის გამო, ოფისში მომუშავე "ქართული ოცნების" თანამშრომლებს ხელი ეშლებათ.

ბეჭდვა