„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 12 აგვისტოს გამართული დიდგორობის დღესასწაულთან და „ქართული ოცნების“
ახალგაზრდული მოძრაობის წევრების არდაშვების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
პარტიის მტკიცებით, ის საკუთარ თავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვის მაღალ სტანდარტს უწესებს. აქედან გამომდინარე, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადაწყვიტა პარტიის ფონდიდან თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სრულად აუნაზღაუროს დიდგორობასთან დაკავშირებით გამართული საჯარო კონცერტის ორგანიზებისთვის გაღებული ხარჯები, რასაც იმით ხსნის, რომ კონცერტი საზოგადოების ნაწილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ღონისძიებად აღიქვა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ განმარტავს, ის 12 აგვისტოს პარტიული ღონისძიების მოწყობას დიდგორის ველზე 10:00 საათიდან 12:30 საათამდე გეგმავდა, რადგან 13:00 საათიდან ამავე ტერიტორიაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჯარო ღონისძიებები უნდა დაწყებულიყო. თუმცა, პარტიული ღონისძიება მისი „მასშტაბურობიდან და მასში მონაწილე პარტიული აქტივისტებისა და მოხალისეების რაოდენობიდან გამომდინარე, დაახლოებით 14:00 საათამდე გაგრძელდა და დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, პარტიული ღონისძიება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი კონცერტის პარალელურად მიმდინარეობდა.
„მიუხედავად იმისა, რომ კონცერტს, გარდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების და მოხალისეებისა, სხვა პირებიც ესწრებოდნენ, საზოგადოების ნაწილს მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული კონცერტი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ღონისძიების ნაწილი. ამ საკითხზე საზოგადოებას გაუჩნდა გარკვეული კითხვები, მათ შორის, მოძრაობას შეკითხვებით მიმართა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისმა კომისიამაც“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ამასთანავე, პარტიაში აცხადებენ, რომ პარტიული ღონისძიების დასაფინანსებლად გაღებული ყველა ხარჯი კანონმდებლობის სრული დაცვით არის გაწეული და საჯარო ინფორმაციაა.
