ივანიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ
ივანიშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ
17:32 14.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ადვოკატი შალვა თადუმაძე თბილისის სააპელაციო  სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს.

როგორც თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო, აპელანტი მხარისთვის მოულოდნელი არ იყო. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ადვოკატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს პოლიტიკური თვალსაზრისით შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი ფინანსური აქტივობა, ხელისუფლება მაინც ცდილობს სანქციები დააკისროს და ივანიშვილს მისი ჯიბის ფულის ხაჯვით ნაწილზეც ედავება.

„ბუნებრივი იყო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებდა. კალაძის შემთხვევაშიც სიტუაცია იგივეა. სასამართლოს არ ჰქონდა არანაირი მტკიცებულებები. მას არ ჰქონდა უფლება ემსჯელა კალაძის პირად ანგარიშებზე განხორციელებული ნაღდი ფულის ხარჯვით ნაწილზე“ - განაცხადა თადუმაძემ და დასძინა, რომ სასამართლომ ვარაუდის დონეზე გადაწყვიტა - რომ სავარაუდოდ, თანხა მოხმარდა კალაძის პოლიტიკურ მიზნებს და ამიტომ, ის უნდა დაჯარიმდეს.
თადუმაძის განმარტებით, კალაძე ვალდებულია, 7 დღის ვადაში ნებაყოფლობით გადაიხადოს ჯარიმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააღსრულებო წარმოება დაიწყება.

ამასთან, ადვოკატის განმარტებით, სააღსრულებო წარმოების დაწყებიდან 7 დღის ვადაში მას კვლავ ეძლევა უფლება ნებაყოფლობით გადაიხადოს თანხა, ხოლო შემდეგ აღმასრულებელი თავად გადაწყვეტს, თუ რა ღონისძიებები გამოიყენოს ჯარიმის ამოსაღებად.

როგორც თადუმაძემ განაცხადა, კალაძის შემთხვევაში, საბანკო ანგარიშებიდან დასტურდებოდა, რომ თანხა პირადად კახა კალაძის მამამ კარლო კალაძემ გაიტანა. შესაბამისად, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის არ არის პირი, რომელიც ვალდებულია ანგარიში მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და კახა კალაძესა და ბიძინა ივანიშვილს მათ მიერ პირადი ანგარიშებიდან გატანილი თანხის ხუთმაგი ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა 5 552 135 ლარი, ხოლო კახა კალაძემ 3 388 992 ლარი გაანაღდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიიჩნიეს, რომ აღნიშნულ თანხებს ივანიშვილი და კალაძე კანონის გვერდის ავლით ფიზიკურ პირებზე ანაწილებდნენ, რომლებიც შემდგომ თანხას შემოწირულობის სახით „ქართული ოცნების“ ანგარიშზე რიცხავდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ივანიშვილი 20 243 827 ლარით, ხოლო კალაძე 16 944 960 ლარით დააჯარიმა.

აღნიშნულ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადვოკატები სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავენ.

ბეჭდვა