„სახალხო კრების“ წევრი ირაკლი ბათიაშვილი აფხაზეთის ომს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ომის შეფასებას აძლევს.
როგორც ბათიაშვილმა დღეს გმირთა მოედანზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 14 აგვისტო საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აფხაზეთის ომი სწორედ ამ დღეს დაიწყო.
მისი თქმით, აღნიშნული კონფლიქტი წელიწადნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა.
„მთელი ამ ხნის განმავლობაში ამ ომში მონაწილეობა და ერთ-ერთი საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულება გვიხდებოდა. წელიწადნახევრის განმავლობაში, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლა მიმდინარეობდა“ - განაცხადა ბათიაშვილმა.
მისივე თქმით, აღნიშნული ომი არა ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, არამედ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ომი იყო.
„ერთ-ერთი პირველი ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთის მხრიდან სწორედ აფხაზეთის ომის დროს განხორციელდა. მაშინ ჩვენს ქვეყანაში ანარქიული უმძიმესი მდგომარეობა იყო. ამას სამოქალაქო დაპირისპირებაც ემატებოდა, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებდა“ - აღნიშნა ბათიაშვილმა.
მისი თქმით, დაღუპული გმირების ბრძოლის ხარჯზე საქართველო რუსეთის შეიარაღებული ძალების, კაზაკების, კონფედერანტების და ჩეჩნური ბატალიონების შემოტევას იგერიებდა.
“საქართველოს ყველა მოქალაქემ, ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი დაიწყოს“ - განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა და დასძინა, რომ ეს ქართველების წმინდათაწმინდა მოვალეობაა.
