პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მემორიალთან ბურჯანაძესთან ერთად, „სახალხო კრების“ წევრები და ომში დაღუპულთა მშობლები იმყოფებოდნენ.
როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ომის პერიოდი ძალიან კარგად ახსოვს, თუმცა, იმ დროს ვერ წარმოიდგენდა, რომ 20 წლის შემდეგ, ქართველები და აფხაზები ცალ-ცალკე იქნებოდნენ და მათ შორის ხიდი ისევ ჩატეხილი იქნებოდა.
„ვერ წარმოვიდგენდი, რომ ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ჩატეხილი ხიდების აღდგენა და ქვეყნის გამთლიანებისთვის ზრუნვა ხელახლა იქნებოდა დასაწყები“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უზრამაზარი ტკივილისა და ზარალის მიუხედავად, ხალხი ერთმანეთისთვის მიტევებას და ერთიან, დემოკრატიულ, ღირსეულ საქართველოში ცხოვრებას შეძლებს.
„ამას სჭირდება ძალიან ჭკვიანური და ნდობით სავსე პოლიტიკის გატარება“ - განაცხადა პარტიის ლიდერმა.
რაც შეეხება 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას, ბურჯანაძის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა“ და პირადად ის, ყოველთვის ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველო ერთიანი იყოს.
