სკოლიდან გარიცხული 15 წლის მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი სკოლის დირექტორის მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს.
როგორც მან საპარლამეტო უმცირესობის ლიდერთან, გიორგი თარგამაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 53-ე სკოლის დირექორი ტარას შავშიშვილი მას მეორე შვილის, 13 წლის ზაზა ალექსიძის სკოლიდან გარიცხვითაც დაემუქრა.
ლეკიშვილი ირწმუნება, რომ მისი 13 წლის შვილი სიცილის გამო კლასიდან გაუშვეს და ახსნა–განმარტება დააწერინეს.
მისივე თქმით, როდესაც ტარას შავშიშვილი 53–ე სკოლის დირექტორად დაინიშა, ერთ-ერთ კრებაზე განაცხადა, რომ უდიდესი რეფორმატორია, წინა დირექტორები მექრთამეები იყვნენ და როგორც კი, რამდენიმე ბავშვს სამაგალითოდ დასჯიდა სკოლაში წესრიგი დამყარდებოდა.
"შავშიშვილმა მითხრა, სასამართლო ჩემია, სადაც გინდა იქ მიჩივლე, ჩემი პრეზიდენტი შაშკინია, რომელიც არ მომხსნისო", – განაცხადა მიხეილ ალექსიძის დედამ.
მიხეილ ალექსიძე 53-ე სკოლიდან 2011 წლის ოქტომბერში გარიცხეს.
