საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის მმართველი
კომიტეტის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და ევროპის საბჭოს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.
შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, ვერენა ტეილორმა გახსნეს.
შეხვედრის მიზანს საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის შედეგების შეჯამება და ახალი 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის თემატური განხილვა წარმოადგენდა.
ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა მიმდინარე სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები სხვადასხვა მიმართულებით მიმოიხილეს.
შეხვედრის ძირითადი ნაწილი საქართველოსა და ევროპის საბჭოს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების და ახალი სამოქმედო გეგმის განხილვას 2020-2023 წლებისათვის დაეთმო.
