„ქართული ოცნება“ რუსთავში აქციის ჩასატარებლად შერჩეული ადგილის შეცვლას არ აპირებს
„ქართული ოცნება“ რუსთავში აქციის ჩასატარებლად შერჩეული ადგილის შეცვლას არ აპირებს
14:37 14.08.2012
რუსთავში პოლიტიკური ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზვიად ძიძიგურის თქმით, კოალიციის აქცია რუსთავში  ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება, ვინაიდან აღნიშნულ ადგილზე აქციის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.

როგორც ძიძიგურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, უკვე დაიბეჭდა სააგიტაციო მასალა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აქცია 19 აგვისტოს, 19:00 საათზე, შარტავას მოედანზე ჩატარდება.

„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ორი კვირით ადრე იმიტომ ვაფრთხილებთ, რომ ისეთი მასშტაბური შეხვედრები, როგორსაც ჩვენ ვატარებთხოლმე, 5-დღიან ვადაში ვერ მომზადდება. უკვე დავიწყეთ სააგიტაციო მასალის დაბეჭდვა, სარეკლამო კლიპების მომზადება“ - განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ რუსთავის მერიას გაფრთხილება აქციის შარტავას მოედანზე გამართვის შესახებ კანონის სრული დაცვით გაეგზავნა.

როგორც კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, რუსთავის მერიის მიმართ მას მხოლოდ თანამშრომლობის სურვილი აქვს.

რაც შეეხება რუსთავის მერიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კოალიცია აქციას შარტავას მოედანზე გამართავს, ნებისმიერ შედეგზე პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორებს ეკისრებათ, ძიძიგური არ ეთანხმება. როგორც მან განაცხადა, ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ეკისრება, ვინაიდან აქცია მის ტერიტორიაზე იმართება.

„თუკი მერიას მეგობრობის მოედანზე შეუძლია უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა, შარტავას მოედანზე რატომ ვერ ურუნველყოფს? ეს პოლიტიკური ახირებაა თუ რაშია საქმე?“-განაცხადა ძიძიგურმა.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მერიას 6 აგვისტოს აცნობა, რომ აქციის გამართვას მერიის წინ ან მეგობრობის მოედანზე გეგმავდა, თუმცა, თვითმმართველობის ორგანომ მას ორივე ტერიტორიაზე, სხვადასახვა მიზეზით უარი განუცხადა. ამის შემდეგ კოალიციამ აქციის ჩატარება ჟიული შარტავას მოედანზე გადაწყვიტა და ამის შესახებ რუსთავის მერიას აცნობა.

გუშინ კი, რუსთავის მერიამ განაცხადა, რომ დათმობაზე მიდის და „ქართულ ოცნებას“ აქციის გასამართად მის მიერ მოთხოვნილ მეგობრობის მოედანს სთავაზობს.




ბეჭდვა