პრემიერ-მინისტრი საჩხერე-რაჭის გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
პრემიერ-მინისტრი საჩხერე-რაჭის გზის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
12:02 02.06.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რაჭაში ვიზიტის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუდალის მოსახლეობას შეხვდა და საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მიმდინარეობს ზემო იმერეთი-რაჭის გზის დაახლოებით 52 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც სოფლებს - სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, ქვაშხიეთი, ზუდალი მოიცავს და საბოლოოდ ამბროლაური-ონის გზას უერთდება.

გზის დიდი ნაწილი დაუსახლებელ ტყიან ზონაში, ზღვის დონიდან 1000-1500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. პროექტის შესაბამისად დაგეგმილია აღნიშნული გზის სრული რეაბილიტაცია. გზის მშენებლობა რამდენიმე ნაწილად არის დაყოფილი. ამ დროისთვის მიწისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი ახალი გზა თბილისიდან ონამდე მანძილს დაახლოებით 75 კმ-ით, მგზავრობის დროს კი თითქმის 2 საათით შეამცირებს. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით.

პროექტს, რომლის ღირებულება 118 მილიონი ლარია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ბეჭდვა