გიორგი თარგამაძე ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტ ტესტს უწოდებს
გიორგი თარგამაძე ოქტომბრის არჩევნებს გადამწყვეტ ტესტს უწოდებს
13:30 14.08.2012
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საზოგადოებისთვის გადამწყვეტ ტესტს უწოდებს.

ამის შესახებ თარგამაძემ დღეს, კალათბურთის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, „ქრისტიან-დემოკრატებს“ დღემდე ყველასთვის მისაღები იდეები და იდეოლოგია ჰქონდა.

როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ქუთაისის, ბათუმის, გურჯაანის, სენაკის, გორის, რუსთავისა და თბილისის შეხვედრების შემდეგ, „ქრისტიან-დემოკრატებმა“ აჩვენეს, რომ ძალიან ძლიერები არიან. მან აქვე დასძინა, რომ ვერცერთი პოლიტიკური ძალა ვერ იქნება ძლიერი როცა საქართველო ერთიანი არაა.

„1 ოქტომბერი საზოგადოებისთვის მორიგი და ერთ-ერთი გადამწყვეტი ტესტი იქნება. ტესტი იმიტომ, რომ საზოგადოებამ ცხვრის ტყავში გახვეული მგლების გამორჩევა უნდა შეძლოს“ - განაცხადა თარგამაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოში პოლიტიკურ სივრცეში დომინანტი ორი დიდი პოლიტიკური ძალაა.

მისი თქმით, ორ ძალას შორის განსხვავების პოვნა რთულია და თითქმის შეუძლებელიც, მსგავსება კი, მისივე თქმით, ძალიან ბევრია.

„ორივე პოლიტიკური ძალის ფესვები საქართველოს აგრესიით მკვებავი ძალის - თავისუფლების ინსტიტუტისა და სოროსის ფონდიდან მოდის. მათ შორის ისეთი მსგავსებაა, რომ ისინი იდელოგიურ ტყუპებს წარმოადგენენ“ - განაცხადა თარგამაძემ.

მისივე თქმით, ერთი პოლიტიკური ძალისთვის სიტყვა ჩარეცხვაა მისაღები, მეორისთვის კი, ის თუ ვინ რამდენი ნულის სანაცვლოდ დასთანხმდება მონობას.

თარგამაძის თქმით, 1 ოქტომბერს არჩევანი უნდა გაკეთდეს „ქრისტიან-დემოკრატებზე“.

„ოთხი წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ გაყიდული საქართველოდან შემოსული მილიონებით მხოლოდ გზების მშენებლობა არაა საკმარისი. ამ ეტპზე მივიღეთ სიტუაცია, როცა გვაქვს გზები, მაგრამ არ გვაქვს სამუშაო ადგილები“ - აღნიშნა თარგამაძემ.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა და კალათბურთის სასახლეში შეკრებილმა მხარდამჭერებმა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

დღეს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 20 წელი შესრულდა. ქართული მხარის დაუზუსტებელი მონაცემებით, 1992-93 წლებში აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებისას, ქართული მხრიდან 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი ადამიანი დევნილი გახდა.

ბეჭდვა