„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ბათიაშვილი მიიჩნევს, რომ „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო
ბურჯანაძის გადაწყვეტილება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის არმიღების თაობაზე, ღირსეული და ჭკვიანური ნაბიჯია.
ამის შესახებ ბათიაშვილმა „ნიუსპრესს“ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეს არა მხოლოდ მისი პირადი შეფასება, არამედ უამრავი ადამიანის აზრია.
„ამ გადაწყვეტილებით ნინო ბურჯანაძემ აჩვენა, რომ ის ვიწროპარტიულ ინეტერსებზე მაღლა დგას და მისთვის მთავარი ქვეყნის ინტერესებია“-აღნიშნა ბათიაშვილმა.
რაც შეეხება „დემოკრატიულ მოძრაობისა“ და „ქართულ ოცნების“ პოზიციების დაახლოების შესაძლებლობას ბურჯანაძის აღნიშნული გადაწყვეტილების შემდეგ, ბათიაშვილი ამას არ გამორიცხავს, რადგან მიიჩნევს, რომ ორივე პოლიტიკურ ძალას მნიშვნელოვანი საერთო აქვს - ხალხის გამარჯვება მანკიერ რეჟიმზე.
„ეს პოზიცია დღეს მომწიფდა და უფრო მეტ ხალხს აერთიანებს“-განაცხადა მან.
„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. ბურჯანაძის განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი ის არის, რომ 1 ოქტომბერს არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.
ბურჯანაძის აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მხრიდან დადებითი შეფასება მოჰყვა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ბურჯანაძის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ის სახელმწიფოებრივად აზროვნებს. მისივე განმარტებით, ნინო ბურჯანაძის აღნიშნული პოზიციით ბევრ შეკითხვას გაეცა პასუხი.
