2019 წლის 28 მაისს, ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში დაინტერესებული მხარეების
მაღალი რანგის ეროვნული სემინარი წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WASH) ადამიანის უფლებათა ჭრილში გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული გამოწვევების გაცნობას როგორც გლობალურ, ისე ეროვნულ დონეზე, შემდგომში WASH საკითხების პრიორიტიზირების მიზნით.
უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, დიარეა მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და ფატალურ შემთხვევათა 88% განპირობებულია დაბინძურებული სასმელი წყლითა და არაადეკვატური სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით. აღსანიშნავია, რომ წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხები ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვისაც.
2010 წლის შემდეგ წყლის ხარისხის შემოწმება სკოლების მხოლოდ 10%-ში განხორციელდა, ხოლო საჯარო სკოლების 70%-ზე მეტს წყლის გაუვნებელყოფა არასოდეს განუხორციელებია.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვის დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მონადგილემ ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ ალექსანდრე დარასმა და CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნანა ჯანაშიამ.
„ევროკავშირში გვჯერა, რომ ადამიანებისათვის ჯანსაღი და ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად მნიშვნელოვანია სუფთა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენ ვამაყობთ, რომ პროექტით „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობას და ვუზრუნველყოფთ სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებასა და უკეთესი სოციალური ინფრასტრუქტურის შექმნას“ — აღნიშნა ღონისძიების გახსნით ნაწილში, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ატაშემ და კავშირის, ენერგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებების სექტორის კოორდინატორმა ალექსანდრე დარასმა.
ღონისძიების ფარგლებში გამართული პირველი თემატური დისკუსია დაეთმო საქართველოში წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის (WASH) მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. „სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა ადამიანების უნივერსალურ უფლებად არის აღიარებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ.
CENN-ის გუნდში გვჯერა, რომ საზოგადოებისათვის სუფთა წყალზე, სანიტარიასა და ჰიგიენაზე (WASH) დროული და ღირსეული წვდომის უზრუნველყოფა და ე.წ. WASH პირობების გაუმჯობესება, უმნიშვნელოვანესია საქართველოში მედეგი საზოგადოების ფორმირებისა და WASH-თან დაკავშირებული დაავადებების პრევენციისათვის. საზოგადოებაში არსებული გარემოსდაცვითი თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების აღმოფხვრისა და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოსთვის“ — განაცხადა CENN-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღნიშნული დისკუსიის მოდერატორმა, ნანა ჯანაშიამ.
ღონისძიების მეორე ნაწილში გამართული თემატური დისკუსიის მონაწილეები იყვნენ შესაბამისი სამინისტროების, საქართველოს პარლამენტისა, და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
აღნიშნული დისკუსიის ფარგლებში მოხდა ახალი, ერთობლივი იდეის ინიცირება, რომელიც წარადგინა პანელის მოდერატორმა და CENN-ის გარემოსდაცვითი პროექტის მენეჯერმა, მელანო ტყაბლაძემ.
“საქართველოს ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პროცესში, ადამიანის უფლებების დაცვას, WASH საკითხებთან მიმართებაში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. სწორედ ამიტომ, პროექტის მხარდაჭერა სხვადასხვა ინსტიტუციებისადმი, რათა შემუშავდეს ერთიანი, ეროვნული WASH სამოქმედო გეგმა, ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული გეგმა ხელს შეუწყობს სექტორების კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაუმჯობესებას, ამასთან, ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას ეფექტიანად განახორციელოს და დანერგოს სხვადასხვა სტრატეგიებითა თუ პოლიტიკის დოკუმენტებით ნაკისრი ვალდებულებები წყალი, სანიტარიისა და ჰიგიენის კუთხით. მოხარული ვართ, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება პოზიციურად აფასებს აღნიშნულ პროცესს და გამოთქვამს მზადყოფნას თანამშრომლობაზე“ — განაცხადა მელანო ტყაბლაძემ.
შეხვედრაზე, ასევე, წარდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში შემუშავებული პოლიტიკის ანალიზის და რეკომენდაციების დოკუმენტები და წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის ტექნიკური შეფასების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკის ანალიზისა და რეკომენდაციების დოკუმენტები მომზადდა ეროვნულ დონეზე ცენტრალური, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის.
შეხვედრა გაიმართა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „წყალი სიღარიბის აღმოსაფხვრელად“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან — ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ქალი და სამყაროსთან (WW) ერთად და New World Programme-ის პროექტის WASH ინიციატივა საქართველოში სოფლად მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალებისა და ბავშვებისათვის ფარგლებში.
