რუსთავის მერია „ქართულ ოცნებასთან“ დათმობაზე მიდის
რუსთავის მერია „ქართულ ოცნებასთან“ დათმობაზე მიდის
19:12 13.08.2012
რუსთავის მერია დათმობაზე მიდის და კოალიცია „ქართულ ოცნებას“ აქციის ჩასატარებლად მის მიერ პირველად მოთხოვნილ ტერიტორიას - მეგობრობის გამზირს სთავაზობს.

როგორც „ნიუსპრესს“ მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო მზადაა, მეგობრობის მოედანზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალის მშენებლობის სამუშაოები ორი დღის განმავლობაში შეაჩეროს და ტერიტორია აქციის ჩასატარებლად კოალიციას დაუთმოს.

გარდა ამისა, რუსთავის მერია კოალიციას აქციის გასამართად კიდევ ერთ ალტერნატიულ ადგილს - მეტალურგიული ქარხნის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიას სთავაზობს.

ორივე რეკომენდაციაზე მერიამ ოფიციალური წერილით „ქართულ ოცნებას“ დღეს მიმართა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიოტარი დეპუტატობის კანდიდატმა რუსთავში ზვიად ძიძიგურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსთავის მერია კოალიციას აქციის გამართვაზე ხელოვნურ ბარიერებს უქმნის. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერებთან შეხვედრა რუსთავის მერიის წინ ან მეგობრობის მოედანზე სურდა, თუმცა, მერიამ ორივე ტერიტორიაზე უარი განაცხადა.

ძიძიგურის თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კოალიციას აქციის გამართვაზე მერიისგან ნებართვის ვალდებულება არ აქვს. შესაბამისად, მისი პოზიციის მიუხედავად, კოალიციის გადაწყვეტილებით, აქცია რუსთავში 19 აგვისტოს, ჟიული შარტავას მოედანზე გაიმართება.




ბეჭდვა