კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა რაიონის მოსახლეობასთან ერთი კვირის მანძილზე გამართული შეხვედრების შედეგები შეაჯამა.
ზაქარეიშვილის შეფასებით, წყალტუბოს რაიონში დიდი სიდუხჭირეა. მოსახლეობას გზების, წყლის, გაუმართავი სანიაღვრე სისტემების, უმუშევრობისა და ბევრი სხვა პრობლემა აწუხებს. მიწების უმრავლესობა დაუმუშავებელია, რადგან სოფელს ტრაქტორი არ აქვს. მისივე თქმით, წყალტუბოს რაიონში არის სოფლები, სადაც არ არსებობს სასწავლო დაწესებულებები.
,,ადამიანები ცხოვრობენ არა განვითარებისა და წარმატებისთვის, არამედ არსებობისთვის. ხალხი ოცნებობს სიღარიბეზე, რათა მიიღონ შემწეობის თანხა. მეგონა, წყალტუბოში დევნილები იყვნენ ყველაზე საშინელ მდგომარეობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ წყალტუბოს რაიონის მთელი მოსახლეობა ასეთ მდგომარეობაშია“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, წყალტუბოში კორუფცია ჯერ კიდევ არსებობს და თითქმის ყველა ბიზნესი პოლიტიკოსების ხელშია.
,,რაიონს მართავს ელიტური, კლანური კორუფცია. ჩემი მიზანია, რაც ვერ გავაკეთე სააკაშვილის დროს, გავაკეთო ახლა - გავყო ერთმანეთისგან პოლიტიკა და ბიზნესი“ - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
,,ქართული ოცნების“ შტაბის გადაწყვეტილებით, მაჟორიტარობის კანდიდატი ყოველ ორშაბათს ბრიფინგს გამართავს და გასულ კვირას შეაჯამებს.
