თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კრედოა არ დაუშვას წარსულის დაბრუნება, აშენებულის დანგრევა და არასოდეს დაუჩოქოს მტერს.
ამის შესახებ უგულავამ დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. ამასთან უგულავა, პარტიის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანაა მეტი სარგებელი მიიღოს ხალხმა, რაც დიდ შრომას საჭიროებს, თუმცა, შესრულებადია.
უგულავას თქმით, საზოგადოება კარგად იცნობს იმ გუნდს, რომელიც კენჭს თბილისში იყრის.
როგორც მან აღნიშნა, ხალხი განვითარებას ხედავს, მაგრამ კიდევ უფრო მეტ განვითარებას და პროგრესს სამართლიანად მოითხოვს.
„ყოველი არჩევნების წინ აქტუალურია შეკითხვა - რატომ „ნაციონალური მოძრაობა“? ჩვენი მთავარი კრედოა არ დავუშვათ წარსულის დაბრუნება, აშენებულის დანგრევა, არასოდეს დავუჩოქოთ მტერს და მეტი სარგებელი მოვუტანოთ ხალხს. ეს არის პასუხი კითხვაზე - რატომ „ნაციონალური მოძრაობა“ - განაცხადა უგულავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და თბილისის მერმა გიგი უგულავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელეს.
მთაწმინდაზე კენჭს არჩილ გეგენავა იყრის, კრწანისში - დავით საყვარელიძე. ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კარბელაშვილია, საბურთალოზე კი - ანდრია ურუშაძე.
რაც შეეხება დანარჩენ კანდიდატებს, ისანში კენჭს გიორგი ვაშაძე იყრის, სამგორში კი, „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მიხეილ მაჭავარიანი დასახელდა.
დიდუბის მაჟორიტარად გიორგი ჩაჩანიძე, ჩუღურეთის - ანდრო ალავიძე, გლდანის - ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, ხოლო ნაძალადევში მერაბ სამადაშვილი წარადგინეს.
