კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ბაღდათში მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრამდე ივანიშვილმა მხარდამჭერებთან ერთად ბაღდათის ქუჩებში ფეხით მსვლელობა მოაწყო. მან მოსახლეობას დიდგორობა მიულოცა და აღნიშნა, რომ სწორედ დიდგორის ბრძოლის ბრწყინვალე გამარჯვებით დაედო საფუძველი საქართველოს ოქროს ხანას.
„დაახლოებით 900 წლის წინათ, დიდი გამოწვევის წინაშე იდგა საქართველო, ქვეყანას მაშინ დაშლა და დანაწევრება ემუქრებოდა. დღეს კი, 900 წლის შემდგომ, ისევ დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და უნდა მოვახერხოთ, დავძლიოთ და მოვერიოთ დიდ გაჭირვებას“-განაცხადა ივანიშვილმა.
მან უმუშევრობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მთელი საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდი პრობლემაა.
ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა კოალიციის საარჩევნო პროგრამის მთავარ მიმართულებებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა დაპირება შესრულდება.
„გპირდებით, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ამ პრობლემას აუცილებლად მოვაგვარებ და ამას თითოეული მოსახლე სულ რამდენიმე წელში დაინახავს“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ უმუშევრობის გამო ქვეყნიდან უამრავი ადამიანია გადახვეწილი.
