თბილისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას დღეს ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელი ოფიციალურად მიენიჭა.
დღესვე პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სენატორმა ლუგარმა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციულ შენობას ჩაუყარეს საფუძველი.
„აქ გაიზრდება ქართველი მეცნიერების მთელი სკოლა. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საბჭოთა კავშირის დროს ასეთი ტიპის ტექნოლოგიური ინვესტიციები საქართველოსთის ხელმისაწვდომი არ იყო, ხოლო „ამერიკელებს არ ეშინიათ და პირიქით უნდათ ამ დონის ტექნოლოგიური ინვესტიციების ჩადება მეგობარ და მოკავშირე ქავეყანაში“.
„უნდა გვესმოდეს, რა განსხვავებაა აშშ-ს მეგობრობასა და კოლონიურ მორჩილებას შორის“ - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სენატორი ლუგარი საქართველოს საკითხებზეა კონცენტრირებული და მისი დამსახურებაა „იმ რეზოლუციების სენატში გატანა, რომელთა მეშვეობით საქართველო დღეს შეიარაღებული ძალების აღჭურვაში დახმარებას იღებს“.
ლუგარის განცხადებით კი, ლაბორატორიას აქვს პოტენციალი გახდეს ბიოუსაფრთხოების სფეროში კვლევებისა და ზედამხედველობის რეგიონული ცენტრი.
მან ყურადღება გაამახვილა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე კონცენტრირებული ქიმიური და ბიოლოგიური მასალების განეიტრალებაზე.
მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს დაავადებებზე ზედამხედველობის რეგიონალური კონცეფციის შემუშავებას.
„ჩვენ ერთად ვთანამშრომლობთ, რომ ერთად დავამარცხოთ დაავადებები“ - განაცხადა სენატორმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა სენატორების ნანისა და ლუგარის „საფრთხის შემცირების პროგრამის” ფარგლებში შექმნეს.
ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭა.
ლაბორატორიის მიზანია გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით და ამით სარგებელი მოუტანოს საქართველოს, კავკასიის მთელი რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოებას.
