საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, დავით დონდუა ავსტრიის
ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, ასევე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს.
საგარეო უწყების ცნობით, მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ავსტრია საქართველოს ეროვნული მისწრაფებების, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.
შეხვედრისას ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რეგიონში არსებულ გამოწვევებზე.
ხაზი გაესვა ინტენსიური საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და ხშირი გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ავსტრიის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს
ეროვნული საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლაუს შერაკი (პროევროპული ლიბერალური პარტია NEOS) და მასში გაწევრიანებული არიან სხვადახვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
