„ქართული ოცნება“ - ფაქტიურად გამოვიდა „მიშგორობა“ და არა „დიდგორობა“
„ქართული ოცნება“ - ფაქტიურად გამოვიდა „მიშგორობა“ და არა „დიდგორობა“
13:56 12.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრული ორგანიზაციის წარმომადგენლებს პოლიცია სახალხო ზეიმ „დიდგორობაში“ მონაწილეობის მიღების საშუალებას კვლავ არ აძლევს.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტნე ზურაბიანმა განუცხადა.
მისი თქმით, პოლიციელებს აქვთ სპეციალური სიები და „პოლიტიკური ნიშნით თვითონ წყვეტენ, ვინ შეიძლება დაესწროს და ვინ არა ამ საერო დღესასწაულს“.
„ყველანაირი უკანონო ქმედებით, პოლიცია ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით, დაუპირისპირდა ჩვენს მონაწილეობას ამ სახალხო ზეიმში. თბილისის ყველა რაიონულ ორგანიზაციებს ჩამოართვეს სამარშრუტო ავტობუსები, ახალგაზრდები ჩამოყარეს ძირს, კოჯრის გზაზე 7 მიკროავტობუსი გააჩერეს, ნაწილი დააჯარიმეს, ნაწილი კი საჯარიმოზე გადაიყვანეს. ეს გამოვიდა მიშგორობა და არა დიდგორობა“ - აღნიშნა ზურაბიანმა.
მისი თქმით, წინააღმდეგობის მიუხედავად, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მაინც ცდილობენ „დიდგორობაზე“ მოხვედრას და ამ მიზნით პოლიციასთან მოლაპარაკებას აწარმოებენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს სახალხო ზეიმი - „დიდგორობა 2012“ აღინიშნება.

ბეჭდვა