საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პირველად ათასწლეულების განმავლობაში საქართველომ შეძლო თანამედროვე ნამდვილი სახელმწიფოს
შექმნა და სწორედ ამიტომ დაესხა მას თავს 2008 მტერი.
ეს განცხადება პრეზიდენტმა დიდგორობის დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
მისი თქმით, „ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ორგანიზებული სახელმწიფო აპარატის აწყობა, რაც ყველაზე დიდი პრობლემა გახდა საქართველოს მტრისთვის.
„მტერი შეჩვეულია, რომ ხალხს მართავს არა იმდენად ძალით, არამედ იმით, რომ მათ ერთმანეთს აპირისპირებს და დაყავი და იბატონეს პრინციპით მოქმედებს. ამ პრინციპით შემოიყვანეს ჩრდილოკავკასიელები 90-იან წლებში აფხაზეთში, აგვირიეს ვითარება აფხაზეთში და ქართლის შუაგულში - ცხინვალის რეგიონში. დღეს კი საქართველომ შეძლო ისეთი სახელმწიფო აპარატის აწყობა, რომელსაც შენატრის მთელი რეგიონი, მათ შორის ჩვენი დამპყრობელი ქვეყნის მოსახლეობა“-განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით სწორედ საქართველოს აღმშენებლობა იყო ქვეყანაში მტრის შემოჭრის საფუძველი, ხოლო საქართველოს პასუხი მტრისთვის, კიდევ უფრო დიდი აღმშენებლობა იქნება.
„რამდენიც არ უნდა გვიკიჟინონ საქართველოში ამდენი რამე არასდროს აშენებულა, რაც ვარდების რევოლუციის შემდეგ აშენდა. დავით აღმაშენებლის შემდეგ ასეთი აღმშენებლობა როგორიც ჩვენს ეპოქაშია არასდროს არ ყოფილა“-განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით რამდენი ლიპარიტ ბაღვაშიც არ უნდა გამოგვიგონონ საქართველოში იმდენი დავითი დაიბადება.
„ჩვენი დიდგორი კიდევ წინ არის, ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე დაწყებულ საქმეს და აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა პრეზიდენტმა.
