პრეზიდენტი რაჭველებს ინდუსტრიის განვითარებას დაპირდა
პრეზიდენტი რაჭველებს ინდუსტრიის განვითარებას დაპირდა
10:45 12.08.2012
რაჭის კურორტების აღორძინებასა და რეგიონის ინდუსტრიულ განვითარებაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ონის რაიონის სოფლების ღებისა და ღარის     მოსახლეობასთან შეხვედრისას.
„შემდეგი წლების განმავლობაში არ იქნება არც ერთი საათი როცა ჩვენ, საქართველოს მთავრობა, თქვენზე არ ვიფიქრებთ, თქვენზე არ ვიზრუნებთ და გაჭირვებას არ შეგიმსუბუქებთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, რაჭაში წყლისა და ბუნებრივი გაზის პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, უახლოეს პერიოდში გადაიჭრება და ბუნებრივი აირის ალი პირველად კურორტ შოვში აინთება.
გარდა ამისა, ის რაჭველებს ყველა სოფელში თანამედროვე სტანდარტების სკოლები მოეწყობას დაპირდა და განაცხადა, რომ რეგიონში მაღალკვალიფიციური მასწავლებლები იმუშავებენ.
„წელს სრული დატვირთვით ამუშავდება ბარიტის საბადო, მომავალ წელს კი ონში გაიხსნება ქარხანა, რაც იმას ნიშნავს, რომ რაჭაში შემოვა ინდუსტრია და ხალხი მთელი წლის განმავლობაში იქნება დასაქმებული და არა მარტო ტურისტული სეზონის დროს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში გაკეთდება შოვი-უწერის საავტომობილო გზაც.
„ჩვენ ავაღორძინეთ ბორჯომი, ახლა ვაშენებთ აბასთუმანს, გავაკეთეთ საირმე, ვიწყებთ წყალტუბოს აღმშენებლობას, ამას მოყვება შაორი, შემდეგ შოვი და უწერა და საქართველოში კურორტების ერთი დიდი რკალი შეიკვრება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილი რაჭის მაღალმთიან სოფლებს მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად ესტუმრა.


ბეჭდვა