საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს თბილისში საარჩევნო პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა რამდენიმე დღეში ექნებათ.
ამის შესახებ „ნიუსპრესს“ თბილისის
მერიის პრეს-სპიკერმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, სპეციალური სტენდების მონტაჟი რამდენიმე დღეში დასრულდება, რის შემდეგაც, პარტიებს საშუალება მიეცემათ საკუთარი საარჩევნო პლაკატები გამოაკრან.
„თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე თბილისის რუკა დევს, სადაც დეტალურად არის ნაჩვენები, რომელ ქუჩებზე დამონტაჟდება სტენდები. ასევე, რუკას თან ახლავს ტექსტი იმ შენობების ჩამონათვალით, რომელზეც საარჩევნო პლაკატების გაკვრა იკრძალება“ - აღნიშნა დოლიძემ.
მისივე თქმით, სტენდები საკმაოდ მოცულობითია და არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის საარჩევნო პლაკატებს დაიტევს.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, აკრძალულია საარჩევნო პლაკატების გაკვრა საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე. ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან განსაზღვრონ იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება იკრძალება და განსაზღვრონ ადგილები ან/და დადგან სტენდები საარჩევნო პლაკატების გასაკრავად და გამოსაფენად. სტენდი იმ ზომის უნდა იყოს, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი საარჩევნო პლაკატების გამოფენისას უზრუნველყოფილი იყოს თანაბარი პირობებით.
დაუშვებელია და კანონით დადგენილი წესით ისჯება საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ისინი აკრძალულ ადგილებში არ არის გაკრული.
პრეზიდენტის განკარგულებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართება.
