ფილიპ დიმიტროვი - მსგავსი ვიზიტები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არ შეესაბამება
ფილიპ დიმიტროვი - მსგავსი ვიზიტები სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არ შეესაბამება
14:51 11.08.2012
საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი ე.წ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს.
როგორ ელჩის დიმიტროვის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ მსგავსი ვიზიტები სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს არ შეესაბამება.
„წარმომადგენლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული ნორმების ფარგლებში ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოხატავს. წარმომადგენლობა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის რეგიონში კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს“ - აღნიშნულია დიმიტროვის განცხადებაში.
ელჩმა ეს განცხადება ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით გააკეთა.
რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავზე, 8 აგვისტოს პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა და სამხრეთ ოსეთის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

ბეჭდვა