პარტია „თავისუფალი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოსგან ოპოზიციური პარტიების მიერ შეტანილი ერთობლივი სარჩელის განხილვას მოითხოვს,
რომელიც პარტიების დაფინანსების საკითხს ეხება.
პარტიის სამართლებრივი პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთი ბექაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელში რამდენიმე პარტია მიიჩნევს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე, 27-ე და 34-ე მე-2 პრიმა მუხლები ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს, როგორიცაა სიტყვის და აზრის თავისუფლება.
ბექაურის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ სარჩელის შეტანიდან უკვე 2 თვეზე მეტი გავიდა, საკონსტიტუციო სასამართლო საქმის განხილვას ხელოვნურად აჭიანურებს და ცდილობს ყველა ვადა გამოიყენოს, რათა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დაფინანსების შესახებ კანონის ანტიკონსტიტუციურობა არ დადასტურდეს.
მისი თქმით, თუკი არ მოხდება სარჩელის დროული, ობიექტური და მიუკერძოებელი განხილვა, პარტია პროტესტის უკიდურესად რადიკალურ ფორმებს მიმართავს.
„თავისუფალი საქართველო“ გეგმავს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ოპოზიციის ერთობლივი სარჩელის ხელოვნურად გაჭიანურების შესახებ ინფორმაციის დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემას.
მიმდინარე წლის 25 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების დაფინანსების წესების შესახებ პარტია „თავისუფალი საქართველოს“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“, „სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის, საქართველოს მწვანეთა პარტიისა და პოლიტიკური გაერთიანება ტრადიციონალისტთა კავშირის ერთობლივი სარჩელი შევიდა.
