თეა წულუკიანი-ჯერ ის რამხელა ცინიზმია, როცა დაღუპული გმირის დედას 20 ლარიან შემწეობას უნიშნავ, მერე კი, იმასაც უხსნი
თეა წულუკიანი-ჯერ ის რამხელა ცინიზმია, როცა დაღუპული გმირის დედას 20 ლარიან შემწეობას უნიშნავ, მერე კი, იმასაც უხსნი
19:49 10.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების” ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დღეს ლოტკინის მთაზე, ბოშათა დასახლების ამომრჩევლებს შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრამდე, დეპუტატობის კანდიდატი უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრებ ნადეჟდა მარტინოვას ოჯახს ეწვია.
წულუკიანის განცხადებით, მარტინოვას რვა შვილი ჰყავს, მათ შორის, ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.
„თავად ნადეჟდა მარტინოვა მძიმედაა ავად, ძვირადღირებული სამედიცინო დახმარება სჭირდება, თუმცა, ის მათხოვრობით ირჩენს თავს და შესაბამისად, ვერც მკურნალობს. ამ ოჯახმა თბილისის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ ამაოდ“ - განაცხადა მან.
წულუკიანის თქმით, თბილისში, სულ 800 ბოშა ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა ლოტკინის დასახლების მაცხოვრებელია.
დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ ბოშებს მცირე ბიზნესის წარმოების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.
დღესვე, წულუკიანი ხერთვისის 22 ნომერში, აფხაზეთის ომში დაღუპული თომა ბარნაბიშვილის ოჯახს ეწვია.
მისი განცხადებით, დაღუპული მეომრის 79 წლის დედა უკიდურესად გაჭირვებულია.
„ამ ქალბატონს შვილის გმირობისთვის დანიშნული 20 ლარიანი შემწეობაც მოუხსნეს. ჯერ ის რამხელა ცინიზმია, როცა ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული მეომრის დედას, რომელსაც გმირობისთვის ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენი აქვს მიღებული, 20 ლარიან შემწეობას დაუნიშნავ და მერე კი, იმასაც მოუხსნი“ -აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, მსგავსი მაგალითი საქართველოში აღარ უნდა არსებობდეს.

ბეჭდვა