„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების წინააღმდეგ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს.
ამის შესახებ მმართველი პარტიის პრესსპიკერმა, პარლამენტარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ იურისტები აქტიურად იყვნენ ჩართული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში, რომლის ფარგლებშიც განიხილეს დოკუმენტი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე.
თაქთაქიშვილის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები პარტიის როგორც თბილისის ისე რეგიონულ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს უკვე გაეგზავნათ.
„ჩვენი რეგიონული ოფისის ხელმძღვანელებს, ასევე, მივაწოდეთ უწყებათაშორისი კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები“ - აღნიშნა თაქთაქიშვილმა და დასძინა, რომ პარტია მომავალშიც აცნობებს საზოგადოებას იმ ნაბიჯების შესახებ, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადადგამს, რათა პარტიის მოხალისეების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ მოხდეს.
