ამერიკელი სენატორი ლუგარი საქართველოს ხვალ ეწვევა
ამერიკელი სენატორი ლუგარი საქართველოს ხვალ ეწვევა
19:25 10.08.2012
აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოს 11 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში ეწვევა, აცნობეს „ნიუსპრესს“ აშშ-ს საელჩოში.
ვიზიტის ფარგლებში, 12 აგვისტოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ საცნობარო ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი მიენიჭება.
ოფიციალურ ცერემონიას ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სენატორი რიჩარდ ლუგარი და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური პროგრამების განხრით ენდრიუ ვებერი დაესწრებიან.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, ლაბორატორიას სენატორ ლუგარის სახელი მსოფლიოში ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობებმა სენატორების ნანისა და ლუგარის „საფრთხის შემცირების პროგრამის” ფარგლებში შექმნეს.
„თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიის მიზანია გააძლიეროს და განავითაროს საზოგადოებრივი და ცხოველთა ჯანდაცვა ინფექციურ დაავადებათა აღმოჩენის, ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობისა და კვლევის გზით და ამით სარგებელი მოუტანოს საქართველოს, კავკასიის მთელი რეგიონისა და მსოფლიო საზოგადოებას“ - აღნიშნავს საელჩო.
სენატორი ლუგარი და თავდაცვის მდივნის თანაშემწე ვებერი 12 აგვისტოს, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციული შენობის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში.
შენობაში განთავსდება აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის, აგრეთვე უოლტერ რიდის სახელობის არმიის კვლევითი ინსტიტუტის ოფისები.
აშშ-ს საელჩოს ცნობით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური საცნობარო ლაბორატორია და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ახალი ეროვნული ცენტრი გახდება რეგიონული სასწავლო ცენტრი, აგრეთვე, ეპიდზედამხედველობის ლაბორატორიების გლობალური ქსელის მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის ფუნქცია შესაძლო ლეტალური შედეგების მქონე დაავადებების ადრეული აღმოჩენა იქნება.
სენატორი ლუგარი და აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწე ენდრიუ ვებერი საქართველოდან 12 აგვისტოს გაემგზავრებიან.

ბეჭდვა