შალვა თადუმაძე კალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ-სამართლებრივ შიზოფრენიას უწოდებს
შალვა თადუმაძე კალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურ-სამართლებრივ შიზოფრენიას უწოდებს
19:09 10.08.2012
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის მიმართ გამოტანილ განაჩენს - 16 მლნ. 944 ათას 460 ლარით დაჯარიმებას, პოლიტიკურ-სამართლებრივ შიზოფრენიას უწოდებს ადვოკატი შალვა თადუმაძე.
ამის შესახებ თადუმაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში კალაძის პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ეს არის პოლიტიკურ-სამართლებრივი შიზოფრენია, რომელიც არ ვიცი სად შეიძლება გასაჩივრდეს. საქმეში არ არსებობდა არც ერთი მტკიცებულება, რომ კალაძე „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ უკანონო შემოწირულობებს ახორციელებდა“-აღნიშნა თადუმაძემ.
მისივე თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კურიოზული ფაქტიც მოხდა, კერძოდ კი, კალაძის უკვე დაყადაღებული საბანკო ანგარიშები კიდევ ერთხელ დააყადაღეს, მის სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად ყადაღა დაედო 1996 წელს გამოშვებულ „09“ მარკის ავტომობილს.
„მოსამართლე კობა გოცირიძემ, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებები არ არსებობდა და საქმეში მხოლოდ კალაძის შემოსავლებისა და ხარჯის ამონაწერები იყო, ის 16 მილიონ 944 ათას 460 ლარით დააჯარიმა“-განაცხადა კალაძის ადვოკატმა.
მისივე თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას ყველა ინსტანციაში გაასაჩივრებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური კალაძეს პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიებისთვის მეორე პირის გამოყენებით უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში ადანაშაულებს, თუმცა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენიათ. საუბარია კალაძისა და მამამისის კარლო კალაძის მიერ ყოფილი ფეხბურთელის პირადი ანგარიშიდან 3 მილიონ 388 ათას 992 ლარების ნაღდი ფულის გამოტანაზე.
საქალაქო სასამართლომ დღევანდელ პროცესზე აუდიტის სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და კალაძე თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა.

ბეჭდვა