ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
16:09 06.05.2019
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან (რეზიდენციით ქ. ბაქო), ბაკიტ იუსუპოვთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი თემები. დადებითად შეფასდა საქართველოს და ყირგიზეთს შორის ვაჭრობის სფეროში არსებული დადებითი დინამიკა. ყურადღება დაეთმო ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით სატრანსპორტო და სატრანზიტო დერეფნის შესაძლებლობებს. ყირგიზეთის მხრიდან გამოითქვა დიდი დაინტერესება ხსენებული მარშრუტის მეტად გამოყენების კუთხით. განხილულ იქნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის სამთავრობათშორისი ეკონომიკური კომისიის გამართვა 2019 წელს.

საუბარი შეეხო საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მორიგი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის საკითხს. დადებითად შეფასდა 2018 წელს ქ. ბიშკეკში ჩატარებული პირველი პოლიტიკური კონსულტაციები და აღინიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კარგ წინაპირობას.

აღინიშნა, რომ ორმხრივ თანამშრომლობაზე უაღრესად დადებითი გავლენა იქონია 2018 წლის ივლისში საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, მუხამედკალი აბილგაზიევის ვიზიტმა და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას და კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი კავშირებით ინტენსიფიკაცია.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ განაგრძობენ მჭიდრო ურთიერთობას და ხელს შეუწყობენ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.
ბეჭდვა