კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კვლავ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა რჩება.
ამის შესახებ „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვაშია ნათქვამი.
მიმართვის თანახმად, ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ იჩენენ.
„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენელთა თქმით, სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა მეტისმეტად მიკერძოებულია და ოპოზიციური სუბიექტების შევიწროებაზეა ორიენტირებული.
„ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი არა ერთი ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულობისა თუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეხება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი საქმიანობის დასაწყისში ცდილობდა საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა, თუმცა, დღეს ამ მცდელობასაც არ აქვს ადგილი“ - აცხადებენ კამპანიის წარმომადგენლები.
მათი თქმით, განსაკუთრებით თვალშისაცემია სახელმწიფო უწყებების დახურულობა, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებს სრულიად გაუმართლებელ და უპრეცედენტო გამჭვირვალობას სთხოვს.
„მკვეთრად უთანასწორო გარემოს ჩანასახები ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში გაჩნდა, როდესაც პარლამენტმა პოლიტიკურ სცენაზე მთავარი ოპოზიციური ფიგურის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, კანონმდებლობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო. კერძოდ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დაამძიმა“ - ნათქვამია „ეს შენ გეხებას“ მიმართვაში.
მიმართვაში, ასევე, აღნიშნულია, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებებში მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანის მცდელობაც გამოიკვეთა, რაც სრულიად მიუღებელი პრეცედენტია.
როგორც კამპანიის მონაწილე ორგანიზაციათა წარმომადგენლები აცხადებენ, იმ პირობებში, როდესაც მნიშვნელოვანი რესურსების მქონე სახელმწიფო ორგანო სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას ვერ ახერხებს, დაუშვებელია ამ მოთხოვნის კერძო პირზე გადატანა და მისი დავალდებულება, საკუთარი მოქმედების კანონიერება ამტკიცოს.
მათივე თქმით, სასამართლო ხელისუფლება აუდიტის სამსახურის მიმართ უფრო მეტად ლოიალურია.
„ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპკორპუსს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიულ ქმედებებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
