გუბაზ სანიკიძე - უგონივრულესი ეჭვი გვაქვს, რომ სააკაშვილი მონაწილეობს „ბურჯის“ შესყიდვაში, განადგურებასა და მითვისებაში
გუბაზ სანიკიძე - უგონივრულესი ეჭვი გვაქვს, რომ სააკაშვილი მონაწილეობს „ბურჯის“ შესყიდვაში, განადგურებასა და მითვისებაში
17:17 10.08.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს „გონივრული ეჭვი აქვს“, რომ შპს „ბურჯი“ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იყიდა.
სანიკიძის განცხადებით, მან მოიპოვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „ბურჯის“ ახალი მფლობელი კომპანია ,,გამას“ ხელმძღვანელი გიორგი ყავლაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია.
ამის დასტურად სანიკიძემ ჟურნალისტებს აღნიშნული დოკუმენტი წარუდგინა, რომელშიც დაწერილია, რომ „2007 წლის 21 დეკემბერს სააკაშვილის მინდობილ პირს - ლევან ბეჟაშვილს სურს შეადგინოს რწმუნებულება, რომლითაც მარწმუნებლის - მიხეილ სააკაშვილის სახელით, გიორგი ყავლაშვილს შესაბამის უფლებამოსილებას ანიჭებს“.
როგორც დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, მან წარმოადგინა 2008 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მესამე პირი უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, ხოლო მისი რწმუნებული გიორგი ყავლაშვილი.
„უგონივრულესი ეჭვი გვაქვს, რომ სააკაშვილი მონაწილეობს „ბურჯის“ შესყიდვაში, განადგურებასა და მითვისებაში. ის კლასიკური მეკობრეა. გიორგი ყავლაშვილი ყოველთვის ბნელ საქმეებში ფიგურირებს, „შავი საქმეების“ გამკეთებელია. ეს არის ახალი ანტიგმირი ჩვენს სინამდვილეში“ – აღნიშნა სანიკიძემ.
შპს „ბურჯის“ ქონება შპს „გამამ“ 2 აგვისტოს გამართულ ელექტრონულ აუქციონზე 8 761 513 ლარად იყიდა.
შპს „ბურჯი“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოქმების საფუძველზე დაჯარიმდა. მას ჯარიმა კოალიცია „ქართულ ოცნებაზე“ ავტომობილების შეღავათიან ფასად გაქირავებისთვის დაეკისრა. ჯარიმის გადახდაზე უარის თქმის შემდეგ, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ბურჯის“ ქონება აუქციონზე გაიტანა.
,,გამა"2012 წელს შეიქმნა. კომპანია ოფშორულ ზონაშია დარეგისტრირებული.

ბეჭდვა