კახა სეთურიძე - ყაზბეგის რაიონში „კარდაკარის“ პრინციპით - 3 ათას 358, ცესკო-ს მონაცემებით კი, 5 ათას 779 ამომრჩეველია
კახა სეთურიძე - ყაზბეგის რაიონში „კარდაკარის“ პრინციპით - 3 ათას 358, ცესკო-ს მონაცემებით კი, 5 ათას 779 ამომრჩეველია
16:25 10.08.2012
პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილ ერთიან საარჩენო სიებს არ ენდობა.
ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ კახა სეთურიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამასთან, სეთურიძე ოპოზიციურ პარტიებს მათ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგების გაერთიანებისკენ მოუწოდებს, რათა საარჩევნო სიებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარდეს.
სეთურიძემ დღეს ჟურნალისტებს 1990 წლიდან 2012 წლამდე საარჩევნო სიების სტატისტიკა გააცნო და განაცხადა, რომ 1990 წელს საქართველოში მოსახლეობის რაოდენობა 5 მლნ. 424 ათასი იყო, აქედან, 3 მლნ. 121 ათსი ამომრჩეველი იყო.
ამასთან, როგორც სეთურიძემ აღნიშნა, 1990 წლიდან ქვეყნიდან 1 მლნ. 500 ათასზე მეტი ადამიანი საცხოვრებლად საზღვარგარეთ გავიდა.
„პარადოქსია, როცა ქვეყნიდან ამდენი ადამიანი გარბის, ამომრჩევლის რაოდენობა, 1990 წელთან შედარებით, 20 000 ამომრჩევლით იზრდება. მოვუწოდებ ოპოზიციას - საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ერთიანი პოზიცია ჩემოვაყალიბოთ, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ხელისუფლების მხრიდან საარჩევნო სიებით მანიპულირების შესაძლებლობა“-განაცხადა სეთურიძემ.
მისივე თქმით, „საქართველოს გზამ“ ყაზბეგის რაიონში „კარდაკარის“ პრინციპით კვლევა ჩაატარა , რის შედეგადაც დადგინდა, რომ აღნიშნულ რაიონში 3 358 ამომრჩეველია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით კი, 5 779 ამომრჩეველია.

ბეჭდვა