ნოდარ ჯავახიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებული 89 ათასი ლარის გადახდას არ აპირებს
ნოდარ ჯავახიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებული 89 ათასი ლარის გადახდას არ აპირებს
15:50 10.08.2012
„ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი საქალაქო სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
როგორც ჯავახიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართუ ბანკიდან“ მისი უკანონოდ გათავისუფლების გამო მიღებული 20 000 ლარიანი კომპენსაციიდან, 17 000 ლარი „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებისთვის ერთგვარი პროტესტის გამოხატვის გამო გადაურიცხა.
ჯავახიშვილის თქმით, სასამართლომ და აუდიტის სამსახურმა, რომელსაც სახელფასო ამონაწერი და ბანკის დროებითი მმართველის განცხადება წარუდგინა იმის თაობაზე, რომ კომპენსაციის სახით მიღებული ჰქონდა 20 000 ლარი, არ გაითვალისწინეს.
„არ ვაპირებ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმის გადახდას“ - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო და ზემდგომ ინსანციებში გაასაჩივრებს და თუ სამართალს იქაც ვერ მიაღწია, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მის ანგარიშებს და ქონებას ყადაღა არ მოეხსნება ბანკში კუთვნილი ხელფასის მიღებაზე უარს იტყვის, რათა ხელისუფლებას საშუალება არ მიეცეს მისგან თუნდაც 20 000 ლარი წაიღოს.
სასამართლომ დღეს, ნოდარ ჯავახიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით - 89 000 ლარით დააჯარიმა. ჯავახიშვილის ქონებას და ანგარიშებს ყადაღა ადევს.
სასამართლომ „ქართული ოცნებისთვის“ უკანონო შემოწირულობის განხორციელების ბრალდებით, დღეს სულ, 16 პირი დააჯარიმა, რომელთაგან 8 „ქართუ ბანკის“ თანამშრომელი, ხოლო 8 „ქართული ოცნების“ წევრია.

ბეჭდვა