საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება პუტინის განცხადებაზე საერთაშორისო რეაგირებას ელოდება
საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება პუტინის განცხადებაზე საერთაშორისო რეაგირებას ელოდება
15:43 10.08.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე დღეს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა და  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ გაცხადებულ ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ, კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველად მოხდა რუსეთის მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე იმის გაცხადება, რომ რუსეთი საქართველოსთან ომისთვის ჯერ კიდევ 2006-2007 წლებში ემზადებოდა და ის ოსური არალეგალური შენაერთების წვრთნასა და აღჭურვას ახორციელებდა.
„ეს იყო ყველა იმ ვალდებულების პირდაპირი დარღვევა, რაც იმ დროს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში როგორც მრავალმხრივ ისე ორმხრივ ფორმატში გააჩნდა“ - განაცხადა კაპანაძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირებას ელოდება.
„ეს არის ფაქტი, რომელმაც კიდევ ერთხელ ახალი ფაქტობრივი გარემოებები გამოავლინა რუსეთის მოტივაციის შესახებ. რუსეთმა აღიარა, თუ რა გეგმები არსებობდა და რა დროიდან“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
მისი თქმით, შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელწმიფოებს, ასევე, მიაწვდიან ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობები საზღვარგარეთ.
2008 წლის აგვისტოს ომის 4 წლისთავზე ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართული აგრესიის“ საწინააღმდეგო გეგმა, მასთან შეთანხმებით, რუსეთის გენშტაბმა 2006-2007 წლებში შეიმუშავა და ეს საიდუმლო არ ყოფილა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტები მიიჩნევდნენ, რომ სამხრეთ ოსეთის შენაერთების მომზადება უშედეგო საქმე იყო საქართველოს არმიის წინააღმდეგ, თუმცა, 2008 წლის აგვისტოში ისინი უფრო ქმედუნარიანი აღმოჩნდნენ.

ბეჭდვა