პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დღეს სარკინიგზო ხაზის „რუისი-აგარის“ 19 კილომეტრიანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
პრემიერმა კმაყოფილება გამოხატა მშენებლობაზე 1500 მოქალაქის დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობა, მისი თქმით, ადგილობრივია.
„1500 ოჯახში შევა სიკეთე და სარგებელს მიიღებს, მაგრამ სიკეთეს არა მარტო 1500 ოჯახში, არამედ საქართველოს მილიონობით მოქალაქეს მოვუტანთ“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, მიმდინარეობს მაღალი ხარისხის ავტომაგისტრალის მშენებლობა, რომლის გარანტია, ხელშეკრულებით 32 წელია.
„32 წლის განმავლობაში გზას სერიოზული შეკეთება არ დასჭირდება. ჩვენს ეპოქაში ეს გზა ქარელს თბილისთან, ქუთაისთან, ბათუმთან დააკავშირებს. პარალელურად, ქუთაისისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა მიმდინარეობს“ - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ რამდენიმე დღეში თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყება.
მისი თქმით, გარდა ამისა, მიმდინარეობს 500 კილომეტრამდე რაიონული და სასოფლო გზების მშენებლობა.
მისივე თქმით, საქართველოში ბოლო წლებში აშენებულმა გზებმა ავტოავარიების რიცხვი მკვეთრად შეამცირა. ასევე, მკვეთრად შემცირდა გზებზე დაღუპული და დაშავებული ადამიანების რაოდენობა.
„ვამაყობ, რომ ბოლო წლებში 30%-ით შემცირდა ავტოავარიებში გარდაცვლილთა რაოდენობა. ჩვენი მიზანი უსაფრთხო და კომფორტული გზებია, რაც ამავე დროს, მეტ მოქალაქეს დაასაქმებს“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
საქართველოს პრემიერმა გამარჯვებულ ჩინურ კომპანიას წარმატება უსურვა.
