მედვედევის ვიზიტი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით განხორიციელდა
მედვედევის ვიზიტი ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე კანონის დარღვევით განხორიციელდა
12:43 10.08.2012
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ 2012 წლის 8 აგვისტოს დიმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი საქართველოს კანონმდებლობის, კერძოდ, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევით განხორციელდა.
ამასთან, სამინისტროს განცხადებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის კონტექსტი და ტონალობა საქართველოსაგან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოჩვენებითი „დამოუკიდებლობის" არგუმენტის გამყარებას ემსახურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იმდროინდელი პრეზიდენტის, მედვედევის გადაწყვეტილება ორი ქართული რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით, 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ურცხვი სამხედრო აგრესიის პოლიტიკურად შენიღბვის განწირული მცდელობაა.
„რუსეთი ფაქტიურად იზოლირებულია ამ გადაწყვეტილებაში. მისმა ძალისხმევამ, მოესყიდა საერთაშორისო თანამეგობრობა დაშინებისა თუ წახალისების გზით, მნიშვნელოვანი შედეგები ვერ გამოიღო. შესაბამისად, ბატონი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი რუსეთისავე შიგნით და, გარკვეულწილად, საერთაშორისო არენაზეც, მისი პრესტიჟის შენარჩუნებას ემსახურება“ - ნათქვამია საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.
8 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის 4 წლისთავზე, პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც დე-ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს შეხვდა და სამხრეთ ოსეთის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

ბეჭდვა