საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს სიმართლის გარკვევის პერიოდის შეფასებას აძლევს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა რაჭაში ადგილობრივ
მოსახლეობასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ოქტომბრის არჩევნები თავის მოსაწონებლად კი არა, არამედ, პირველ რიგში, იმისთვისაა, რომ თავი დავიცვათ.
მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნების დროს თითოეულმა ოჯახმა თავი წარსულში დაბრუნებისგან უნდა დაიცვას.
„დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ძალა პირდაპირ გვეუბნება, რომ წარსულში დაბრუნება უნდათ. გვეუბნებიან, რომ მარტო შუშის ხიდი კი არ უნდა დაანგრიონ თბილისში, არამედ, გრძელი სია აქვთ. შემდეგი ამ სიაში იუსტიციის სახლია, რადგან მათ ისინი აღიზიანებთ“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ქუთაისში პარლამენტის გაუქმებასაც აპირებს.
მისი თქმით, კორუმპირებული ჩინოვნიკებისთვის იუსტიციის სახლები პრობლემაა, რადგან, მისივე თქმით, როგორც კი, ხელისუფლებაში კორუფცია დაბრუნდება, კორუფცია დაბრუნდება პოლიციაში, საავადმყოფოებში, სკოლებში და ა.შ.
