პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ურეკში მოსახლეობასთან შეხვედრაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს
მოქმედებების გამო, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მხედართმთავრისგან მსგავსი ქმედებები დაუშვებელია.
„ჩვენი ჯარისკაცები ლამის მომარაგების გარეშე მიატოვეს. არ გამოჰყავდათ დაჭრილები. ყველაფერში გამოჩნდა როგორი მენეჯმენტი და სახელმწიფოს როგორი მართვა შეუძლია მას. ჯერ აბსოლუტურად აბსურდული და გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო, შემდეგ კი, პროცესების მართვაც ვერ შეძლო“-აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ რუსულ ჯარს, სურვილის შემთხვევაში, თბილისში შესვლაც შეეძლო, ხელისუფლებას კი, მისი შეჩერების უნარი არ ჰქონდა.
„დღეს ამბობენ, ჩვენ ეს, რომ არ გაგვეკეთებინა, რუსეთი თბილისამდე ჩამოვიდოდა და ჩვენ ის შევაჩერეთო. როგორც შეაჩერეს, კარგად გახსოვთ. მე ურეკში ვიყავი მაშინ და ფოთში ისე შემოდიოდნენ, აღარც ჩვენი პოლიცია, აღარც ჯარისკაცი იყო სადმე. სადაც მოუნდებოდათ რუსებს, იქ შევიდოდნენ. მოუნდებოდათ - თბილისამდეც თავისუფლად ჩავიდოდნენ და სააკაშვილი არაფრის შემჩერებელი არ იყო“-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილი დღეს ქართული საზოგადოების მოტყუებას და დაშვებული გამოუსწორებელი შეცდომის ვაჟკაცობად წარმოჩენას ცდილობენ.
ივანიშვილმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებაზე იზრუნებს.
