ბიძინა ივანიშვილი- ომის დროს პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დიდი უმეცრება გამოიჩინეს
ბიძინა ივანიშვილი- ომის დროს პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ დიდი უმეცრება გამოიჩინეს
10:19 10.08.2012
აგვისტოს ომის მიზეზებზე, საქართველოს ხელისუფლებისა და პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოქმედებებზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა  ბიძინა ივანიშვილმა ურეკის მოსახლეობასთან შეხვედრისას ისაუბრა.
ივანიშვილის თქმით, ხელისუფლებამ და პრეზიდენტმა დიდი უმეცრება გამოიჩინეს, თუმცა, მისივე თქმით, თავი ლამის გმირებად, ომი კი - მოგებულად გამოაცხადოს.
კოალიციის ლიდერის განცხადებით, მოსაზრება, რომ რუსეთი აგვისტოს ომისთვის რამდენიმე წლით ადრე ემზადებოდა, სრული ჭეშმარიტებაა და საკამათო არ არის. უფრო მეტიც, ივანიშვილი მიიჩნევს, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომისთვის საუკუნეებით ადრე ემზადებოდა და ეს აღმოჩენა არ არის.
„რას ელოდებოდა რუსეთი რამდენიმე წელიწადი, რატომ ერთი ან მეტი წლით ადრე არ დაიწყო ომი? ის ელოდებოდა მიზეზს, რეალურ საბაბს“-აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ გარკვეული სურვილები საქართველოს ტერიტორიების მიმართ, შესაძლოა, სხვა მეზობელ სახელმწიფოებსაც ჰქონდეთ, თუმცა, ქართული სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ არავის მისცეს საშუალება, მის ტერიტორიაზე გადმოვიდეს.
კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა გაუმართლა და აუხდინა მოლოდინი რუსეთს, რაც მას დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა და მისცა საშუალება, თავისი ჯარი საქართველოს ტერიტორიაზე შემოეყვანა.
ივანიშვილის თქმით, სააკაშვილი ომში „საკუთარი სავარძლის შესანარჩუნებლად“ ჩაება.
მისივე თქმით, 2007 წლის ნოემბერში, ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ, რასაც ერთ-ერთ ტელეკომპანიაში შეჭრა მოყვა, ის ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდ წეზოლას განიცდიდა, რის გამოც გადადგა და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. ივანიშვილის განცხადებით, ეს არჩევნები სააკაშვილმა გააყალბა და პრეზიდენტად არალეგიტიმური გზით მოვიდა, რასაც ქართული საზოგადოების აღშფოთება მოყვა.
„მის სავარძელს დიდი საფრთხე ემუქრებოდა, სააკაშვილი მუდმივად ეძებდა გამოსავალს, როგორ გაემყარებინა საკუთარი სავარძელი“-აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა რომ ამ გამოსავლის პოვნაში „სუსტი პოზიციის მქონე პრეზიდენტს“ რუსეთის მზვერავები დაეხმარნენ, რომლებიც მას ეუბნებოდნენ, რომ რუსეთს სამხრეთ ოსეთის ტერიტორაზე ინტერესი აღარ აქვს და ა.შ.
„სააკაშვილი ფიქრობდა, რომ თუ ის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას ომით აიღებდა, ამით სავარძელს გაიმაგრებდა. რეალურად, ეს იყო იმ სისულელეების მიზეზი, რაც მან ჩაიდინა“-აღნიშნა მან.
ივანიშვილის განმარტებით, საომარი მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუგებარი ბანდფორმირებების მხრიდან ქართული სოფლების მიმართულებით ცეცხლი იხსნებოდა, რასაც რამდენიმე სახლის დაზიანება მოყვა.
კოალიციის ლიდერი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის განვითარებული მოვლენების მონიტორინგი და კონტროლი უნდა ეთხოვა, ხოლო საფრთხის ქვეშ მყოფი მოსახლეობა სახიფათო ზონიდან გაერიდებინა.
„ამით შეიძლებოდა დამთავრებულიყო ეს ყველაფერი და ჩვენ წინ წაგვეწია იმ პრობლემების მოგვარებაში, რომელიც აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის ტერიტორიებზე გვქონდა“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ ნაცვლად ამისა, სააკაშვილმა მძიმე ტექნიკა გამოიყვანა და საომარი მოქმედებები დაიწყო, რაც ხელისუფლების ყველაზე დიდი უმეცრება იყო.

ბეჭდვა