პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური საარჩევნოდ ოფიციალურად რუსთავის მაცხოვრებელი გახდა.
როგორც ძიძიგურმა „ნიუსპრესს“ განუცხადა, ის სამოქალაქო რეესტრის მეშვეობით რუსთავში, მეგობრის სახლში დარეგისტრირდა.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ახლა როგორც რუსთავის მაცხოვრებელს მეტი მორალური უფლება მექნება შიდა საქმეებში ჩავერიო და ბიუჯეტის ხარჯვა ვაკონტროლო“ - აღნიშნა ძიძიგურმა.
ამასთან, ძიძიგურმა განაცხადა, რომ დღეს რუსთავის მერიამ სრულიად უკანონო და არაკვალიფიციური გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც კოალიციას უარი უთხრა მერიის მიმდებარე ტერიტორიასა და ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ მეგობრობის მოედანზე წინსაარჩევნო შეხვედრის ჩატარებაზე.
ძიძიგურის თქმით, კოალიციამ მერიას მოსახლეობასთან შეხვედრის ახალი ადგილის შესახებ დღესვე აცნობა.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, აქცია ჟიული შარტავას მოედანზე 19 აგვისტოს შედგება და მოსახლეობას კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიმართავს.
