კომპანია Penn Schoen Berland-ის კვლევით, სააკაშვილი ივანიშვილს ჩამორჩება
კომპანია Penn Schoen Berland-ის კვლევით, სააკაშვილი ივანიშვილს ჩამორჩება
18:22 09.08.2012
ამერიკული კომპანიის Penn Schoen Berland (PSB) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, კოალიცია „ქართული ოცნება“ რეიტინგით მმართველ პარტიას უსწრებს.
როგორც დღეს კომპანიის დირექტორმა კრეგ სმიტმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე განაცხადა, კითხვაზე „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა უმეტესობამ „ქართული ოცნება“ დაასახელა.
ამასთან, რესპოდენტების 46% მხარს უჭერს „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, ხოლო 37% - მიხეილ სააკაშვილს.
კითხვებზე, „თუ ვინ მოაგვარებს უკეთესად დასაქმებისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პრობლემებს“, რესპოდენტთა 48%-მა ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, ხოლო სააკაშვილი - 36%-მა.
როგორც კვლევამ გამოვლინა, გამოკითხულთა 81%-ს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, მისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა სახელმწიფოს მხრიდან მცდარი ნაბიჯი იყო და მას მოქალაქეობა უნდა აღუდგეს. 63% ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი ივანიშვილის პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზნით გადაიდგა.
რესპოდენტთა 66%-ს თვლის, რომ ხელისუფლება მოქალაქეობის ჩამორთმევით ივანიშვილის უფლებებს ზღუდავს და ამავდროულად, სამართლიანობის ილუზიას ქმნის.
ივანიშვილისთვის დაკისრებული ჯარიმები გამოკითხულთა 62%-ს მიაჩნია ხელისუფლების მცდელობად - მიისაკუთროს მისი ფული და თავისი მიზნებისთვის გამოიყენოს. 21% კი, ფიქრობს, რომ ჯარიმა სამართლიანია და კოალიციის ლიდერმა ის უნდა გადაიხადოს.
რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ ზოგად სიტუაციას, 47% ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 43% ამ აზრს ეწინააღმდეგება.
რესპოდენტთა 58%-ს ქვეყანაში კარდინალური ცვლილებები სურს. 49%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. 73% უმთავრესს პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.
კომპანიამ PSB-მ კვლევა 3-15 ივლისის პრეიოდში ჩაატარა. სულ, 1 980 მოქალაქე გამოიკითხა. კვლევის დროს ფარული ბიულეტენის მეთოდოლოგია იყო გამოყენებული.

ბეჭდვა