პოლიტიკურ ფინანსებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, პარტიების კანონიერი შემოსავლების მიხედვით პირველ ადგილზე პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ და მასში
შემავალი პოლიტიკური პარტიები დგანან.
როგორც დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ანგარიშის პრეზენტაციისას ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ვახტანგ კეჟერაძემ აღინიშნა, კოალიციის შემოსავალი 26 184 820 ლარია, „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსავალი კი, 9 580 594 ლარს შეადგენს.
შემოსავლების სიდიდით მესამე ადგილზე 862 535 ლარით „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ დგას, რომელსაც 570 152 ლარით პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მოსდევს.
რაც შეეხება ფიზიკური პირებისგან მიღებულ შემოწირულობებს, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ფიზიკური პირებისგან 19 724 202 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 7 876 625 ლარი, ხოლო პარტიამ „განახლებული საქართველოსთვის“ 570 152 ლარი მიიღო.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ საბიუჯეტო დაფინასება 1 495 514 ლარს, „ქართული ოცნების“ 964 920-ს, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ 607 818 ლარს შეადგენს.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდისთვის დაუფარავი ვალდებულებების სახით, ქართულ ოცნებას“ 1 791 133 ლარი, „განახლებულ საქართველოს“ 100 465 ლარი, ხოლო „დემოკრატიულ მოძრაობა - ერთიან საქართველოს“ 54 649 ლარი აქვს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ ფინანსებზე ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გამართა.
ანგარიშში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ინფორმაცია აისახა, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2012 წლის 1 იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით ფინანსური დეკლარაციები წარუდგინეს. ანგარიშში პარტიების წყაროებისა და დაფინასების შესახებ დეტალური ანალიზია მოცემული, ასევე, გამიჯნულია კანონიერი და არაკანონიერი შემოსავლები და სხვა ხარჯები.
