მიხეილ სააკაშვილი-რუსული აგრესია საქართველოს აღმშენებლობაზე პირდაპირი პასუხი იყო
მიხეილ სააკაშვილი-რუსული აგრესია საქართველოს აღმშენებლობაზე პირდაპირი პასუხი იყო
17:06 09.08.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახალციხეში იუსტიციის სახლის გახსნის ცერემონიაზე რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის  დაწყების მიზეზად საქართველოს აღმშენებლობა დაასახელა.
პრეზიდენტის თქმით, რუსული აგრესია, რომელიც როგორც მისმა ავტორმა აღიარა, დიდი ხნით ადრე ჩაფიქრებულ-დაგეგმილი იყო, საქართველოს აღმშენებლობაზე პირდაპირი პასუხია.
მისი თქმით, რუსეთისთვის ქართული რეფორმები, კორუფციის დამარცხება და დიდი აღმშენებლობა მოულოდნელი ფენომენი იყო.
მისი განცხადებით, აგვისტოს ომის დროს, ჩვენს წინააღმდეგ ტანკებისა და თვითმფრინავების გარდა, მედიითაც გვიტევდნენ.
„ომის დღეებში, ჩვენი ტელევიზიების მიერ გადაღებულ კადრებს იმის შესახებ თუ როგორ ბომბავდნენ რუსული თვითმფრინავები ქართულ ქალაქებს, რუსეთის ტელევიზიები აჩვენებდნენ, როგორც ქართული თვითმფრინავების მიერ ცხინვალის დაბომბვას“ – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, დღეს კი, რუსეთის ტელევიზიები აღდგენილი გორის და სხვა დასახლებების კადრებს გადასცემენ და ამ ყველაფერს რუსების მიერ აღდგენილად ასაღებენ.
„ამ ხალხს მხოლოდ ნგრევა შეუძლია. რუს ხალხთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ყველაფერი, რაც საქართველოში მოხდა, მათმა ხელმძღვანელობამ განახორციელა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახალციხე საქართველოში აღმშენებლობის სიმბოლოა, სადაც, მისივე თქმით, ყველაფერი იმისთვის კი არ კეთდება, რომ საქართველომ მოიწონოს თავი, არამედ იმისთვის, რომ თითოეულმა ქართველმა უკეთესად იცხოვროს და ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს.
„ახალციხე თავის ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრის ფუნქციას იბრუნებს, რადგან ახალ საბაჟოებს ვხსნით, ახალ გზებს ვაკეთებთ. ადრე ეს ჩიხი იყო, ახლა, როცა გოდერძის უღელტეხილდან გზა შენდება, ქუთაისზე გზას ვაკეთებთ, თურქეთის მიმართულებითაც კეთდება გზა, პრაქტიკულად ახალციხე ისევ ცენტრად გარდაიქმნება“- აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.
ახალციხის იუსტიციის სახლში საოლქო პროკურატურა, რაიონული პროკურატურა, საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი, აღსრულების ბიურო, ენერგეტიკის სამინისტროს ტყისა და ველური ბუნების მართვის სააგენტო იფუნქციონირებს. ახალციხის იუსტიციის სახლში 85-მდე ადამიანია დასაქმებული.

ბეჭდვა