პოლიტიკურ ფინანსებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მასში
შემავალი პარტიების მთლიანი პოლიტიკური შემოსავალი 44 578 454 ლარს შეადგენს.
ანგარიშის თანახმად, კოალიციის მთლიანი შემოსავლიდან 18 393 634 ლარი სასამართლოს მიერ უკანონო შემოწირულობად აღიარებული თანხაა, 16 708 840 ლარის შემოწირულობა კი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი საბანკო ანგარიშიდან განხორციელდა.
კოალიციის შემოსავლებიდან 4 400 000 ლარის შემოწირულობა საკანონმდებლო ცვლილებამდე სხვადასხვა ადგილობრივი იურიდიული პირის მიერაა განხორციელებული, სხვა კანონიერი შემოსავლები კი, 5 075 980 ლარს შეადგენს.
ანგარიშის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობის“ მთლიანი პოლიტიკური შემოსავალი 862 535 ლარი, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ 634 577 ლარია.
რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებამდე იურიდიული პირების მიერ განხორციელებულ შემოწირულობებს, „ქართულმა ოცნებამ“ 4 400 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 170 000 ლარი, ხოლო „ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ“ 20 000 ლარი მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკურ ფინანსებზე ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გამართა.
ანგარიშში ყველა იმ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ინფორმაციაა ასახული, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2012 წლის 1 იანვრიდან 25 ივლისის ჩათვლით ფინანსური დეკლარაციები წარუდგინა.
ანგარიშში პარტიების წყაროებისა და დაფინასების შესახებ დეტალური ანალიზია მოცემული, ასევე, გამიჯნულია კანონიერი და არაკანონიერი შემოსავლები და სხვა ხარხები.
