აუდიტის სამსახურმა ივანიშვილსა და კალაძეს ანგარიშიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა
აუდიტის სამსახურმა ივანიშვილსა და კალაძეს ანგარიშიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა
10:16 09.08.2012
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილსა და კოალიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს კახი კალაძეს ანგარიშებიდან გატანილი თანხის უკან დაბრუნების წინადადებით მიმართა.
ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, რომ 2012 წლის განმავლობაში გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნების მქონე პირებმა ბიძინა ივანიშვილმა და კახი კალაძემ კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე, სოლიდური თანხები გაიტანეს.
დასახელებულ პერიოდში ივანიშვილმა 5.552.135, ხოლო კახი კალაძემ 3.388.992 ლარი გაანაღდა.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მილიონობით ლარის ხარჯვის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფაქტის დადასტურების მიზნით, ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს გაეგზავნათ წერილი, რათა წარმოედგინათ დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ამ თანხებით განხორციელებული საქმიანობისა და გაწეული ხარჯების შესახებ, რაზეც დაუსაბუთებელი უარი განაცხადეს“ - ნათქვამია განცხადებაში.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განმარტავენ, რომ სამსახურის მიზანია დარღვევების პრევენცია და არა სანქციების გამოყენება, შესაბამისად, პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე, ივანიშვილს და კალაძეს მიეცა წინადადება დანიშნულების გარეშე, ნაღდი ფულის სახით გატანილი სოლიდური თანხების საკუთარ პირად ანგარიშებზე დაბრუნების შესახებ.

ბეჭდვა