პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნის პატივსაცემად ფოთის განვითარების პირობა დადო.
როგორც სააკაშვილმა ფოთის ნავსადგურში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველომ ის უნდა გააკეთოს,
რაც რუსეთს თვალში ყველაზე მეტად არ ხვდება - ნორმალური ადამიანური საზოგადოება და ახალი ქალაქები ააშენოს.
„ომში დაღუპული ბიჭების სახელზე ფოთი და მისი პორტი უნდა განვავითაროთ, ამის სიტყვას გაძლევთ. ავაშენოთ ახალი ქალაქები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქართველებმა უნდა დაამტკიცონ, რომ 4 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა ტყუილად არ შეინარჩუნა.
პრეზიდენტის შეფასებით, დღევანდელი გადასახედიდან კარგად ჩანს, რომ წინააღმდეგობის გაწევა ღირდა.
„სხვების პატივისცემას იწვევს ის, რომ საქართველომ ასე ამაყად ასწია თავი და არა ის, რომ გავარდეთ და ვიღაცას ჩექმები ავულოკოთ, მოვინანიოთ, თავზე ნაცარი დავიყაროთ და ისევ მონობაში გადავიდეთ“ - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო გმირების ქვეყანაა და ის აუცილებლად გაიმარჯვებს.
