პრეზიდენტი ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
პრეზიდენტი ფოთში აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო
20:58 08.08.2012
ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი აღევლინა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.
როგორც პრეზიდენტმა ფოთის მოსახლეობისა და ომში დაღუპულთა მშობლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მას 4 წლის წინანდელი ეს ღამე ძალიან კარგად ახსოვს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მეგობარი ქვეყნის სადაზვევრო სამსახურმა შეატყობინა, რომ ღამით დასაბომბავად რუსეთიდან ორი სტრატეგიული ბომბდამშენი აფრინდა.
„ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლების აზრით, ეს თვითმფრინავები თბილისის დასაბომბად მოდიოდნენ. საჰაერო დაცვის სისტემები თბილისის გარშემო გვქონდა. ერთი თვითმფრინავი მართლაც წამოვიდა თბილისში და ის ჩამოვაგდეთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მეორე ბომბდამშენმა ფოთამდე მიაღწია და ბომბის ჩამოგდება შეძლო, რის შედეგად, 10 ადამიანი დაიღუპა, 80-მდე კი, დაშავდა.
„ფოთის პორტში გმირი თანამშრომლები გვყავდა, რომლებმაც ყველაზე გადამწყვეტ მომენტში, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მომარაგება, როდესაც გზები გადაჭრილი და საჰაერო სივრცე ჩაკეტილი იყო, გამოვიდნენ და სიცოცხლის ფასად უზრუნველყოფდნენ იმას, რომ საქართველოს მეურნეობა არ გაჩერებულიყო“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა კარგად იცის, რომ მას საქართველოს დეოკუპაცია და აქედან ჯარების გაყვანა მოუწევს, რადგან მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოს გვერდით დგას.
დღეს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან 4 წელი შესრულდა, ომს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოყვა. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის დროს შეიარაღებული ძალების 168 სამხედრო მოსამსახურე, პოლიციის 16 თანამშრომელი და 188 მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ხოლო 26 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.












ბეჭდვა